2019 წლის 25 აპრილი, სამოდელო გაკვეთილი ქართულ ენაში, 1-ლი კლასი
ჩატარებული გაკვეთილის რეფლექსია
თემა: „პეპი საყიდლებზე მიდის“
მასწავლებელი აანალიზებს
და აფასებს მის მიერ ჩატარებულ გაკვეთილს, მიღწეულ შედეგებს.
ჩატარებული გაკვეთილი, რომლის თემა იყო „პეპი საყიდლებზე
მიდის“ და რომელიც მიზანთან შესაბამისობაში
დავგეგმე, პრობლემაზე იყო ორიენტირებული. ვთვლი, რომ გაკვეთილზე გამოყენებული სტრატეგიები/მეთოდები
და აქტივობები (სიტყვის კედელი, კითხვა-პასუხი,
„ასოციაციური რუკა“, „ვარაუდების ხე“ და სხვა) სწორად იყო შერჩეული და განხორციელებული,
რამაც შესაძლებელი გახადა მოსწავლეთა ინტერესის გაღვივება, მოტივაციის ამაღლება და
პრობლემის მიმართ მათი კონცენტრირება. გაკვეთილზე შექმნილი იყო ხალისიანი და საქმიანი
გარემო.
სასწავლო რესურსი და თვალსაჩინოება
(ილუსტრაციები, სქემები, სამუშაო ბარათები და სხვა) იყო მიზნობრივად შერჩეული და გამოყენებული,
მოსწავლეთათვის ხელმისაწვდომი და საინტერესო. გაკვეთილის პროცესში მოსწავლეები იცავდნენ
ქცევის წესებს და იჩენდნენ ერთმანეთის მიმართ პატივისცემას, აქტიურად იყვნენ საგაკვეთილო
პროცესში ჩართულები, რამაც მთლიანობაში გაკვეთილი შედეგზე გაიყვანა.
მასწავლებელს დასაბუთებული
აქვს გაკვეთილზე გამოყენებული აქტივობების ეფექტურობა მიზნის მისაღწევად.
გაკვეთილზე გამოყენებული მქონდა შემდეგი
აქტივობები: სიტყვის კედელი, კითხვის სტრატეგიები, კითხვა-პასუხი, „ასოციაციური რუკა“,
„მასწავლებელი - კალამი“, „ვარაუდების ხე“, გაუგებარი სიტყვების გაცნობა და მათი ახსნა,
შესაძლო წინადადებები საკვანძო სიტყვების გამოყენებით. განვიხილავ თითოეულ მათგანს:
1. სიტყვის კედელზე
განვათავსე ტექსტიდან ამოღებული სიტყვები: ბლომად, ურიკა, საყიდლები, შაქარყინული,
სასუსნავები. მოსწავლეებს გარკვევით წავუკითხე თითოეული მათგანი და დავეხმარე მათი
მნიშვნელობის დაზუსტებაში; სიტყვები ჯერ დავმარცვლეთ, მერე კი მათი გამოყენებით შევადგინეთ
წინადადებები. ამ აქტივობით მოხდა ახალი ლექსიკური ერთეულების გაცნობა.
2.
კითხვა - პასუხში გამოვიყენე ხალისიანი შეკითხვები მოსწავლეთა
განწყობილების ამაღლების მიზნით: ა) გიყვართ თუ არა ტკბილეულობის მაღაზიაში სიარული?
ბ) მეგობრებთან ერთად თუ ყოფილხართ?
3.
კლასთან ერთად შევავსე „ასოციაციური რუკა“ – „რა შეიძლება
იყიდო ტკბილეულობის მაღაზიაში“. მე შევასრულე „მასწავლებელი - კალამის“ მოვალეობა.
ამ აქტივობის საშუალებით მოვახდინე წინარე ცოდნის გააქტიურება.
4.
„ვარაუდების ხეზე“ ჩამოვკიდეთ ყველა ის ვარაუდი, რომელიც
გაუჩნდათ მოსწავლეებს ტექსტის გაცნობამდე. ამ აქტივობამ მოსწავლეთა ფანტაზიის უნარი
გამოავლინა.
5.
მომდევნო აქტივობა იყო ტექსტის კითხვა. ტექსტი წავიკითხე
გამომეტყველებით. შემდეგ კლასთან ერთად მივუბრუნდი „ვარაუდების ხეს“ და მოსწავლეთა კარნახით გადავხაზე ის ვარაუდები,
რომლებიც არ გამართლდა. ორ მოსწავლეს ინდივიდუალურად
წავაკითხე ტექსტი გაგრძელებით, შემდეგ კი გამოვიყენე ბუქსირით კითხვის (ძლიერი მოსწავლე
კითხულობს შედარებით სუსტთან ერთად). ამ აქტივობის მიზანია, ხელი შეუწყოს გამართული
კითხვის უნარ-ჩვევების განვითარებას.
6.
ტექსტის განმტკიცებისა და გააზრების მიზნით მოსწავლეებს
დავუსვი შეკითხვები, რომელთა საშუალებით გამოიკვეთა პრობლემა: რაში და როგორ უნდა დავხარჯოთ ფული.
7.
ჯგუფური მუშაობა. კლასი გავყავი სამ ჯგუფად და თითოეულ
ჯგუფს მივეცი დიფერენცირებული დავალება. მოსწავლეებმა წარმატებით გაართვეს თავი დავალებას
და გააკეთეს პრეზენტაცია .
8. სამუშაოს დასრულების
შემდეგ მოსწავლეები შევაფასე შეფასების სქემის მიხედვით.
მასწავლებელი აღნიშნავს, მოხდა თუ არა გეგმით განსაზღვრული
აქტივობების მოდიფიცირება გაკვეთილის მსვლელობისას.
აღწერს და ასაბუთებს ამ ცვლილების აუცილებლობას.
გაკვეთილმა ისე ჩაიარა, როგორც გეგმით
მქონდა განსაზღვრული და არ მომხდარა რომელიმე აქტივობის მოდიფიცირება. ამაში დამეხმარა
სწორად განაწილებული დრო და მოსწავლეთა ორგანიზებულობა. ჩემის აზრით, ყველა აქტივობა
სრულყოფილად განხორციელდა.
მასწავლებელი აანალიზებს
გამოვლენილ ხარვეზებს, დაშვებულ შეცდომებს და გამოაქვს სათანადო დასკვნები. სახავს
საკუთარი საქმიანობის გაუმჯობესების გზებს.
ჩემ მიერ ჩატარებული გაკვეთილის ხარვეზად
ვთვლი იმას, რომ მეტი დრო დავუთმე ლექსიკურ ერთეულებზე მუშაობას. უკეთესი იქნებოდა, ეს დრო სხვა აქტივობებზე გამომეყენებინა.
შემდგომში ჩემს მუშაობაში აუცილებლად გავითვალისწინებ ამ ხარვეზს.
დაწყებითი კლასების უფროსი მასწავლებელი
მაია ჩიჯავაძე
28.04. 2019 წ.
2019 წლის 10 მაისი, სამოდელო გაკვეთილი ქართულ ენაში, 1-ლი კლასი
ჩატარებული გაკვეთილის
რეფლექსია
თემა: „პატარა გემი და პატარა დელფინი“
მასწავლებელი აანალიზებს
და აფასებს მის მიერ ჩატარებულ გაკვეთილს, მიღწეულ შედეგებს.
ჩემ მიერ ჩატარებული სამოდელო გაკვეთილი თემაზე:
„პატარა გემი და პატარა დელფინი“ ორიენტირებული იყო გამჭოლ კომპეტენციაზე - წიგნიერებაზე. გაკვეთილზე გამოყენებული სტრატეგიები
და აქტივობები სწორად შერჩეული და გაკვეთილის
მიზანთან შესაბამისობაში იყო. გაკვეთილის ეფექტურმა და მიზნობრივად დაგეგმვამ შესაძლებელი
გახადა საგაკვეთილო მასალაზე თანმიმდევრული მუშაობა და მასწავლებლის მიერ მიცემული
დავალებების წარმატებით შესრულება. სასწავლო რესურსი და თვალსაჩინოება იყო მიზნობრივად
შექმნილი და მოსწავლეთათვის ხელმისაწვდომი.
აღნიშნული გაკვეთილის მთავარი შედეგი ის
არის , რომ მოსწავლეებმა გაიაზრეს ტექსტი, დასვეს საინტერესო, შინაარსიანი და სააზროვნო
შეკითხვები. აქტიურად და ორგანიზებულად იმუშავეს
მთელი საგაკვეთილო პროცესის განმავლობაში, პასუხისმგებლობით შეასრულეს დავალებები,
გამოავლინეს შესანიშნავი ცოდნა და მსჯელობის უნარი.
მასწავლებელს დასაბუთებული
აქვს გაკვეთილზე გამოყენებული აქტივობების ეფექტურობა მიზნის მისაღწევად.
წიგნიერება კარგი განათლების საძირკველია.
გააზრებული კითხვის უნარის ჩამოყალიბება მნიშვნელოვანია ცოდნის შეძენისათვის. სწორედ
ამ მიზეზმა განაპირობა ჩატარებული გაკვეთილის ტიპის არჩევანი. გაკვეთილზე გამოყენებული
მქონდა შემდეგი აქტივობები: ახალი ლექსიკური
ერთეულების გაცნობა, ვარაუდების გამოთქმა, კითხვის სხვადასხვა სტრატეგიები, დამოკიდებულების
გამოხატვა ტექსტის მიმართ, კოგნიტურ სქემებზე მუშაობა. განვიხილოთ თითოეული მათგანი:
1. სიტყვის კედელზე
განვათავსე ტექსტიდან ამოღებული სიტყვები: ნავი, დელფინი, ზღვა, მეთევზე, ტალღა, ნაპირი.
ხმამაღლა, გარკვევით წავიკითხე თითოეული მათგანი. მოსწავლეებს ვთხოვე, შეძლებისდაგვარად
განემარტათ თითოეული მათგანი, საჭიროების მიხედვით დავეხმარე სიტყვების მნიშვნელობის
დაზუსტებაში. დავმარცვლეთ რამდენიმე მათგანი, შემდეგ კი შევადგინეთ რამდენიმე წინადადება
ამ სიტყვების გამოყენებით. აქვე ვუპასუხეთ შეკითხვებს: ა) გინახავთ თუ არა დელფინი?
სად? ბ) ზღვის რომელი ცხოველები იცით?
2.
„ასოციაციური რუკა“. მე შევასრულე „მასწავლებელი - კალამის“
როლი და ვუპასუხეთ შეკითხვას: რა შეიძლება ნახო ზღვაზე? ამ ხერხით გავააქტიურე წინარე
ცოდნა.
3.
ამის შემდეგ მოსწავლეებს ვაჩვენე ილუსტრაცია, წავუკითხე
გაკვეთილის სათაური და ვთხოვე, გამოეთქვათ ვარაუდი. შევფოთლეთ „ვარაუდების ხე“, აქვე
მოსწავლეებს გავაცანი გაკვეთილის მიზანი და შეფასების სქემა.
4.
სამოდელო კითხვა. მოთხრობის ტექსტს ვკითხულობ გამომეტყველებით.
ტექსტის წაკითხვის შემდეგ დავუბრუნდით გამოთქმულ ვარაუდებს და მოსწავლეებმა გადახაზეს არასწორად გამოთქმული ვარაუდები. მომდევნო ნაბიჯები იყო ინდივიდუალური კითხვა და
ბუქსირით კითხვა, რომლებშიც მონაწილეობა მივაღებინე კლასის თითოეულ მოსწავლეს.
5.
კითხვებზე პასუხის გაცემა. ტექსტის განსამტკიცებლად
და გასააზრებლად მოსწავლეებს დავუსვი ამომწურავი
შეკითხვები. აქცენტი გავაკეთე შეკითხვაზე: ზღვაში ან მხოლოდ დელფინი, ან მხოლოდ პატარა
გემი რომ ყოფილიყო, მეთევზის გადარჩენას შეძლებდნენ? მოსწავლეთა უარყოფითი პასუხის
შემდეგ გავიხსენეთ მოთხრობა „ძალა ერთობაშია“. მოსწავლეებმა გაიაზრეს ერთობის ძალა
გასაჭირში ჩავარდნილის დასახმარებლად, გაიხსენეს სამაშველო სამსახურიც.
6.
ჯგუფური მუშაობა. კლასი დავყავი სამ სხვადასხვა დონის
ჯგუფად და მივეცი შესაბამისად დიფერენცირებული დავალებები. კოგნიტურ სქემებზე სამუშაოს დასრულების შემდეგ მოსწავლეები შევაფასე
შეფასების სქემის მიხედვით.
7. გაკვეთილის ბოლოს
მოსწავლეებს დავალებად მივეცი: უპასუხეთ, როგორია პატარა დელფინი? გემი? ან, დახატეთ
გემი და დელფინი.
მასწავლებელი აღნიშნავს, მოხდა თუ არა გეგმით განსაზღვრული
აქტივობების მოდიფიცირება გაკვეთილის მსვლელობისას.
აღწერს და ასაბუთებს ამ ცვლილების აუცილებლობას.
გაკვეთილი
მიმდინარეობდა გეგმის მიხედვით. ვინაიდან გაკვეთილი სწორად მქონდა დაგეგმილი, გეგმიდან
გადახვევის აუცილებლობა არ ყოფილა.
მასწავლებელი აანალიზებს
გამოვლენილ ხარვეზებს, დაშვებულ შეცდომებს და გამოაქვს სათანადო დასკვნები. სახავს
საკუთარი საქმიანობის გაუმჯობესების გზებს.
მე ვფიქრობ, რომ ჩემს
გაკვეთილზე მნიშვნელოვანი ხარვეზები არ გამოვლენილა. გაკვეთილის სუსტ მხარედ მიმაჩნია
ის, რომ მოსწავლეთა შეფასება უნდა მომეხდინა უფრო კონკრეტული ფორმით, რასაც შემდეგისათვის
აუცილებლად გავითვალისწინებ. ჩემ მიერ ჩატარებული გაკვეთილის ძლიერი და სუსტი მხარეების
ანალიზი დიდ დახმარებას გამიწევს პროფესიულ ზრდაში.
დაწყებითი კლასების უფროსი მასწავლებელი
მაია ჩიჯავაძე, 12. 05. 2019 წ.
2019 წლის 23 მაისი, სამოდელო გაკვეთილი ქართულ ენაში, 1-ლი კლასი
ჩატარებული გაკვეთილის რეფლექსია
თემა: „მზე და წვიმა“
მასწავლებელი აანალიზებს და აფასებს მის მიერ ჩატარებულ გაკვეთილს, მიღწეულ შედეგებს.
ჩატარებული გაკვეთილი, რომელიც მიზანთან
შესაბამისობის მიხედვით დავგეგმე, იყო კომბინირებული (ინტეგრირებული) და ორიენტირებული
იყო შედეგზე. გაკვეთილის თემა იყო „მზე და წვიმა“. ჩემი აზრით, გაკვეთილზე გამოყენებული
მეთოდები და აქტივობები სწორად იყო შერჩეული. საგანთაშორისი ინტეგრირება (ბუნებისმცოდნეობა,
მუსიკა) ლოგიკურია და გათვალისწინებულია ინტეგრირებული საგნების ეროვნული სასწავლო
გეგმით განსაზღვრული შედეგები.
სასწავლო რესურსი და თვალსაჩინოება (ილუსტრაციები, ნოტები, ბარათები, მაგნიტური დაფა, პროექტორი, გლობუსი,
ფარანი) იყო მიზნობრივად შერჩეული და საინტერესო.
გაკვეთილის ეფექტურმა დაგეგმვამ შესაძლებელი გახადა საგაკვეთილო მასალაზე მოსწავლეთა
თანმიმდევრული მუშაობა. გაკვეთილის მთავარი შედეგი არის მოსწავლეთა მოტივირებული, ხალისიანი
ჩართულობა, რამაც გაკვეთილი შედეგზე გაიყვანა.
მასწავლებელს დასაბუთებული აქვს გაკვეთილზე გამოყენებული აქტივობების ეფექტურობა
მიზნის მისაღწევად.
გაკვეთილზე გამოყენებული მქონდა შემდეგი აქტივობები: სიტყვის კედელი, ტექსტის კითხვა,
კითხვა-პასუხი, როლური კითხვა და სხვა. მოსწავლეებმა გაკვეთილზე შეძლეს ახალი ლექსიკური
ერთეულების ათვისება, რითაც მოხდა მათი ლექსიკური მარაგის გამდიდრება, გამოთქვეს ვარაუდები
და შეძლეს წინადადებების შედგენა მოცემული სიტყვების გამოყენებით. მოსწავლეებმა ახალშესწავლილი
მასალა დააკავშირეს რეალურ ცხოვრებასთან, ბუნებასთან; შეძლეს სწორად აეხსნათ მზისა
და წვიმის მნიშვნელობა; ერთმანეთისაგან გაარჩიეს მუსიკალური და არამუსიკალური ბგერები.
ხალისიანი განწყობის შესაქმნელად წავუკითხე გამოცანები მზესა და წვიმაზე.
მოთხრობის ტექსტი გამომეტყველებით წავიკითხე,
წავაკითხე მოსწავლეებს, როცა დავრწმუნდი, რომ მოსწავლეები ტექსტს გაეცვნენ, დავაწყებინე როლური
კითხვა. 5 წუთის განმავლობაში მოსწავლეებმა სიამოვნებით მოირგეს როლები. ტექსტის განსამტკიცებლად
და გასააზრებლად მოსწავლეებს დავუსვი შესაბამისი შეკითხვები. აქცენტი გავაკეთე იმაზე,
რომ მზე და წვიმა შეთანხმდნენ, პარალელი გავავლე მოთხრობასთან „პატარა გემი და პატარა
დელფინი“. მოსწავლეები კიდევ ერთხელ დარწმუნდნენ, რომ ძალა ერთობაშია.
მსჯელობის შემდეგ მოსწავლეებს პროექტორით
ვაჩვენე ფილმი „წყლის წრებრუნვა ბუნებაში“, შემდეგ კი გლობუსისა და ფარნის საშუალებით
მოვახდინე დღისა და ღამის მონაცვლეობის დემონსტრირება.
ჯგუფური მუშაობის დროს პირველმა ჯგუფმა
ააგო სიტყვის პირამიდა, მეორე ჯგუფმა იმუშავა წინადადებების დასრულებაზე, ხოლო მესამემ
- შეავსო სქემა „თავიდან, მერე, ბოლოს“. პრეზენტაცია შევაფასე შეფასების სქემით და
სიტყვიერი კომენტარით. საშინაო დავალებად მივეცი: მოცემული სიტყვებით (წვიმა, მზე,
ცისარტყელა) შეადგინეთ წინადადებები, ან: დახატეთ სურათი. გაკვეთილის დასასრულს ჯერ
ვიმღერეთ მინორული „ჟუჟუნა წვიმა მოვიდა“, მერე კი მაჟორული „დილა მშვიდობისა“. გაკვეთილი დავასრულეთ ამაღლებული განწყობილებით.
გაკვეთილმა მიზანს მიაღწია.
მასწავლებელი
აღნიშნავს, მოხდა თუ არა გეგმით განსაზღვრული აქტივობების მოდიფიცირება გაკვეთილის მსვლელობისას. აღწერს და ასაბუთებს ამ
ცვლილების აუცილებლობას.
გაკვეთილის მსვლელობის დროს არ დამდგარა
გეგმის მოდიფიცირების საჭიროება, რადგანაც თითოეული აქტივობისათვის დრო სწორად მქონდა
გადანაწილებული.
მასწავლებელი აანალიზებს
გამოვლენილ ხარვეზებს, დაშვებულ შეცდომებს და გამოაქვს სათანადო დასკვნები. სახავს
საკუთარი საქმიანობის გაუმჯობესების გზებს.
გაკვეთილის ძლიერი მხარე იყო მოსწავლეთა
მსჯელობის, ტექსტთან წვდომის, საგანთაშორისი კავშირის დამყარების უნარი. სუსტ მხარედ
მიმაჩნია ის, რომ ჯგუფური მუშაობის დროს მოსწავლეთა გადაადგილებამ ცოტათი ხმაური გამოიწვია,
მაგრამ ვფიქრობ, რომ პირველკლასელები არიან და შეეჩვევიან ჯგუფურ მუშაობას.
დაწყებითი კლასების უფროსი მასწავლებელი
მაია ჩიჯავაძე 24. 05. 2019 წ.
ყოჩაღ!
ОтветитьУдалитьსაინტერესო გაკვეთილებია მაიკო...
ОтветитьУдалитьGIPREID–ი იგრძნობა თქვენს გაკვეთილებზე, რაც წინსვლის საფუძველია,წარმატებებს გისურვებთ!
ОтветитьУдалитьსაონტერესო გეგმებია, ყოჩაღ, მაია, მე ვფიქრობ, ჯიპრაიდის პროექტის დაამზახურებაა ეს+ მასწავლებლის შემოქმედებითობა.
ОтветитьУдалитьმომეწონა გაკვეთილის გეგმები, ნეც ვიხელმძღვანელებ, განსაკუთრებით ინტეგრირებული გაკვეთილი მომეწონა, ვუხელმძღვანელებ მომავალში .
ОтветитьУдалитьმომეწონა გაკვეთილის გეგმები!
ОтветитьУдалитьარაჩვეულებრივია
ОтветитьУдалить